logo
ENG



პაპუაშვილი ვრცელ წერილში ევროკავშირს "კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე" მიუთითებს

12 მარ 202411:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/rwkr1zveirzqvu0.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის დასავლურ ინსტიტუტებში ვიზიტს კიდევ ერთხელ, ამჯერად ვრცელი წერილით ეხმაურება და ევროკავშირს "კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე" მიუთითებს.

წერილში პაპუაშვილი საუბრობს უკრაინაზეც და ამბობს, რომ "დღემდე საქართველოს მთავრობა თავს იკავებდა საჯაროდ გამოეტანა უკრაინის მთავრობასთან უთანხმოება "ქართველი კრიმინალების შეფარების გამო".

"უკრაინა ომშია, მაგრამ გაუგებარია, რა საჭიროა ქართველი კრიმინალების შეფარება და საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა. ადეიშვილის გარდა, რომელიც სერიოზული დამნაშავეა, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილეა, რომელიც, სხვა საქმეებს შორის, დადანაშაულებულია სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოყვანაში, 2021 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე", - წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ "ქართველი კრიმინალების" მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს.

"უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს, ომის სახით, რომელიც შეუძლია ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს. მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ, რომ ადეიშვილი ამაყად იყო წარმოდგენილი ბუნდესტაგის სტუმრებს შორის. მეტიც, იგი, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობდა გერმანელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებში ბერლინსა და ბრიუსელში. ქართველებისთვის ეს ერთგვარი დეჟავიუ იყო, რამაც სააკაშვილის თავისუფალი მიმოსვლა გაგვახსენა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი? როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?
კანონის უზენაესობა მხოლოდ იდეალისტური პრინციპი არ არის. მას პრაქტიკული პოლიტიკური შედეგები აქვს. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილს დასავლეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდა და ამას ბევრი ჩვენი პარტნიორი არ იმჩნევდა, თითქოს სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამასობაში, თავისუფალი გადაადგილებისა და უკრაინული თანამდებობის პრივილეგიების წყალობით, სააკაშვილი ბოროტად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური რადიკალიზაციის კოცონს აგიზგიზებდა. მერე კი იგი უკვე საქართველოში ვნახეთ, საჭირო დროს, არჩევნების დღეს, არეულობა რომ მოეწყო. მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების წყალობით მოხდა, რომ იგი სწრაფად იპოვეს და დააკავეს, რის გამოც მისი გეგმა ჩაიშალა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეეძლო", - წერს ის.

მისივე თქმით, დასავლეთის მიერ სააკაშვილისა და ადეიშვილის "მიმღებლობა სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება".

"ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე მოძალადე კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.

რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ.

კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია", - ნათქვამია წერილში.

პაპუაშვილის სრული წერილი

 

საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილის გადაცემას ითხოვს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა აღარ მიმდინარეობს. ინტერპოლმა ძებნა 2015 წლის აპრილში შეწყვიტა, მიზეზად კი ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი დაასახელა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ქვეყანა, შესაძლოა, უნგრეთი ყოფილიყო, თუმცა სახელდებოდა უკრაინაც. რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა; ნოემბრიდან კი ის უკვე ძებნილად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2021 წელს შეუწყდა. მან ეს, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითონ მოითხოვა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.


close დახურვა